Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:19

[1] ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არა ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,

[2] რომ დიდია ჩემდა მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტანჯვა.

[3] ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისთვის, ჩემს ხორციელ თვისტომთათვის,

[4] რომელნიც ისრაელიანები არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმანი და რჯულმდებლობა, მსახურებანი და დაპირებანი.

[5] მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.

[6] მაგრამ არა ისე, რომ ღვთის სიტყვა დაეცა, ვინაიდან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია.

[7] და ყველა, ვინც აბრაამის თესლია, როდია მისი შვილი, ვინაიდან ნათქვამია: „ისაკში იქნება წოდებული შენი თესლი.“

[8] ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.

[9] რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია: „ამ დროს მოვალ და სარას ეყოლება ძე.“

[10] არა მხოლოდ, არამედ როცა რებეკასაც ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა

[11] (ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევანის თანახმად მომხდარიყო)

[12] არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: „უფროსი დაემონება უმცროსს.“

[13] როგორც სწერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე.“

[14] თუ ასეა, რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!

[15] რადგან მოსეს ეუბნება: „ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ, და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ.“

[16] ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.

[17] ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ ქვეყანაზე.“

[18] ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.

[19] შენ მეტყვი: „აბა, რაღას გვდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგება წინ?“

[20] ვინ ხარ შენ, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენი ასე?

[21] ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?

[22] მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,

[23] რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდბლად,

[24] ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?

[25] როგორც ოსიასთანაც ამბობს: „არა-ჩემს ერს ვიტყვი ჩემს ერად და არა-საყვარელს – საყვარლად.

[26] და იმ ადგილზე, სადაც მათ ეთქვათ: ‘არა-ჩემი ერი ხართ თქვენ,’ – იქ ეწოდებათ ცოცხალი ღვთის ძენი.“

[27] ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელიანთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, ნაწილი გადარჩება.“

[28] რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი ქვეყანაზე.

[29] და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ: „უფალ ცაბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი თესლი, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით.“

[30] მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე, სიმართლე რწმენისაგან.

[31] ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს.

[32] რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში. შებრკოლდნენ შებრკოლების ქვაზე,

[33] როგორც სწერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ქვას და წატყუების კლდეს და, ყოველი, ვისაც სწამს იგი, არ შერცხვება.“

პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ — Chapters