[1] ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.
[2] და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
[3] ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად, იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს.
[4] ვინაიდან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე.
[5] ასევე ჩვენ, მრავალნი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი.
[6] და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული, თუ ქადაგებაა – რწმენის მიხედვით,
[7] თუ მსახურებაა – მსახურებაში, თუ მოძღვარია – დამოძღვრაში,
[8] თუ გამამხნევებელია – გამხნევებაში, გამნაწილებელია – უბრალოებაში, წინამდგომია – სიბეჯითეში და მწყალობელია – მხიარულებაში.
[9] სიყვარული წრფელი იყოს. გძაგდეთ ბოროტი და მიეკვროდეთ კეთილს.
[10] ძმათმოყვარეობაში – ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.
[11] იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით. სულით აღეგზნეთ. ემსახურეთ უფალს.
[12] იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.
[13] მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.
[14] ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.
[15] მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.
[16] ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთში. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მისდიეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.
[17] ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე.
[18] თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
[19] შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან სწერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი.“
[20] ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე.
[21] არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით.