Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:34

[1] ძმური სიყვარული დარჩეს.

[2] სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ.

[3] გაიხსენეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, რადგან თქვენ თვითონაც სხეულში იმყოფებით.

[4] ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს.

[5] თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.

[6] ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?“

[7] გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას.

[8] იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდეც.

[9] არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმა ვინაიდან კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმელებით, საიდანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა.

[10] ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.

[11] ვინაიდან ცხოველთა გვამებს, რომელთა სისხლი ცოდვათათვის შეაქვს მღვდელმთავარს წმიდაში, ბანაკს გარეთ წვავენ.

[12] ამიტომ იესოც, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით, კარიბჭის გარეთ იტანჯა.

[13] მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა.

[14] ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, მომავალს ვეძებთ.

[15] მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.

[16] არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის.

[17] მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის.

[18] ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ.

[19] უფრო მეტად კი შეგაგონებთ, გააკეთოთ ეს იმისათვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან.

[20] ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო,

[21] სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად, თქვენში მისი მოსაწონის საქმნელად იესო ქრისტეს მიერ. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

[22] გთხოვთ, ძმებო, შეიწყნარეთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ.

[23] იცოდეთ, გათავისუფლდა ჩვენი ძმა ტიმოთე და, თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ.

[24] მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღოლი და ყველა წმიდა. იტალიელები მოკითხვას გითვლიან.

[25] მადლი იყოს თქვენთან ყველასთან. ამინ.

წერილი ებრაელთა მიმართ — Chapters