Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:07

[1] ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დაყენებული ღვთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის.

[2] მას ძალუძს შეიწყნაროს უმეცრები და გზასაცდენილები, ვინაიდან თვითონაც მოცულია უძლურებით.

[3] ამიტომ ვალდებულია, შესწიროს ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი – ხალხისთვისაც და თავისთვისაც.

[4] და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ვინც ღვთის მიერაა მოწოდებული, როგორც აარონი.

[5] ასევე ქრისტეს არ უდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას: „ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ“.

[6] როგორც სხვაგანაც ამბობს: „შენ მღვდელი ხარ საუკუნოდ მელქიცედეკის წესით“.

[7] მან თავის ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დასხნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო.

[8] და თუმცა ძე იყო, მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება.

[9] და იგი სრულქმნილი, საუკუნო ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისათვის,

[10] და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით.

[11] ბევრი გვაქვს ჩვენ სალაპარაკო ამაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან ყურმძიმენი გახდით.

[12] ვინაიდან ამდენ ხანში თქვენ უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით. მაგრამ თქვენ ისევ ღვთის სიტყვათა პირველსაწყისების სწავლება გჭირდებათ. თქვენ მაგარი საჭმელები კი არა, რძე გჭირდებათ.

[13] ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგან ჩვილია.

[14] მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.

წერილი ებრაელთა მიმართ — Chapters