[1] ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,
[2] რომელიც თავისი ამომრჩევლის ერთგულია, როგორც მოსე მთელს მის სახლში.
[3] ვინაიდან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის აღმშენებელს.
[4] ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია.
[5] თუ მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო,
[6] ხოლო ქრისტე – როგორც ძე მის სახლში; ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებას და სასოების სიამაყეს.
[7] ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს როცა მოისმენთ მის ხმას,
[8] ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს დრტვინვისას,
[9] სადაც გამომცადეს მე თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
[10] ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: ‘მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს მათ ჩემი გზა’.
[11] ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ‘ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში’“.
[12] თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
[13] არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო“, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით.
[14] ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე.
[15] ვიდრეღა ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც დრტვინვისას“.
[16] ვინ იყო, რომ მოისმინა და დრტვინვა იწყო? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან?
[17] მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვილებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში ჩაიყარა?
[18] ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს?
[19] და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნობის გამო.