Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:15

[1] მთავარი, რაზედაც ლაპარაკია, ეს არის: გვყავს ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში.

[2] ის არის წმიდათა მსახური და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა.

[3] ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად. ამიტომ მასაც უნდა ჰქონდეს რაიმე მისატანი.

[4] და თუ დარჩებოდა მიწაზე, აღარ იქნებოდა მღვდელი, ვინაიდან აქ არიან მღვდლები, რომელნიც რჯულის თანახმად სწირავენ ძღვენს,

[5] რომლებიც ემსახურებიან ზეციურ სახესა და ჩრდილს, როგორც მოსეს ებრძანა, როცა იგი შეუდგა კარვის გასრულებას. „იხილე, – ეუბნება, – და გააკეთე ყოველივე იმის მსგავსად, რაც მთაზე გეჩვენა“.

[6] ახლა კი მან მიიღო უპირატესი მსახურება, რაკი იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია და უკეთეს დაპირებებზე არის დადგენილი.

[7] ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისათვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ.

[8] ვინაიდან უთხრა მათ ყვედრებით: „აჰა, დადგება დღეები, ამბობს უფალი, და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს.

[9] ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა, რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელვყავი ისინი, ამბობს უფალი.

[10] აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი.

[11] აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს და თავის ძმას და არ ეტყვის: ‘შეიცანი უფალი’; რადგან ყოველი მათგანი, დიდიდან პატარამდე, შემიცნობს მე,

[12] რადგან შევუნდობ მათ უსამართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ“.

[13] რაკი თქვა: ახალიო, ამით დააძველა პირველი, ხოლო, რაც ძველდება და ბერდება, ახლოსაა მოსპობასთან.

წერილი ებრაელთა მიმართ — Chapters