Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:42

[1] ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესასვლელად, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული.

[2] ვინაიდან სახარება ჩვენც გვეუწყა, როგორც მათ. მაგრამ მათთვის სარგებლობა არ მოუტანია მოსმენილ სიტყვას, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.

[3] ხოლო სიმშვიდეში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში, თუმცა ღვთის საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ სოფლის დასაბამიდან“.

[4] ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაც ასე უთქვამს: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან“.

[5] და კვლავ იქვე: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“.

[6] მაშ, რაკი ზოგს შეუძლია მასში შესვლა, ისინი კი, რომელთაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, –

[7] კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს, – „დღეს,“ ამბობს დავითით, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს“.

[8] ვინაიდან, იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ იგი აღარას იტყოდა სხვა დღეზე.

[9] ამისათვის კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის.

[10] ვინაიდან, ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა – თავისისაგან.

[11] მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ სიმშვიდეში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათი მაგალითისამებრ.

[12] ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს.

[13] არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.

[14] და ახლა, როცა ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გაიარა ზეცა, იესო, ღვთის ძე, მტკიცედ გვეჭიროს აღსარება.

[15] ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

[16] აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.

წერილი ებრაელთა მიმართ — Chapters