Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:51

[1] რჯული, რომელსაც აქვს მომავალ სიკეთეთა აჩრდილი და არა თვით საგანთა ხატება, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები,

[2] თორემ შეწყვეტდნენ შესაწირავს, ვინაიდან შემწირველებს, თუ ერთხელ განიწმიდებოდნენ, აღარ ექნებოდათ ცოდვების არავითარი შეგნება.

[3] მაგრამ მათში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება.

[4] ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია.

[5] ამიტომ ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე.

[6] სრულადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი.

[7] მაშინ მე ვთქვი: ‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში სწერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’“.

[8] ზემოთ რომ თქვა: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც სრულადდასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი“,

[9] მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე.

[10] ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.

[11] და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლთ, რომელთაც არასოდეს არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა.

[12] მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.

[13] მას შემდეგ კი ელის, სანამ მისი მტრები მის ფერხთა კვარცხლბეკად იქცევიან.

[14] ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.

[15] სულიწმიდაც გვიმოწმებს ჩვენ, ვინაიდან ნათქვამია:

[16] „აჰა, აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათს გონებაში.“

[17] „ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ.“

[18] ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის.

[19] ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს გაბედულება წმიდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით, ახალი და ცოცხალი გზით,

[20] რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი, თავისი ხორცით,

[21] და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლზე,

[22] მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

[23] მტკიცედ მივყვეთ სასოების აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა.

[24] ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის.

[25] ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, რაც უფრო ატყობთ იმ დღის მოახლოებას.

[26] ვინაიდან, თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის,

[27] არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი.

[28] თუკი ვინმე, მოსეს რჯულის უარმყოფელი, ორი ან სამი კაცის მოწმობით, შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით,

[29] როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყო მადლის სული?

[30] რადგან ჩვენ ვიცნობთ იმას, ვინც თქვა: „ჩემია შურისგება და მე მივუზღავ“. და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ერს“.

[31] საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!

[32] გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის უდიდესი ღვაწლი.

[33] ერთი მხრივ, შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეული, მეორეს მხრივ კი, მათ თანაუგრძნობდით, ვისაც იგივე დაემართა.

[34] ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ ზეცაში გაქვთ უკეთესი და წარუვალი საუნჯე.

[35] მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს.

[36] მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.

[37] ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტაც და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს, არ დააყოვნებს.

[38] მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას.

[39] ხოლო ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად.

წერილი ებრაელთა მიმართ — Chapters