[1] იაკობი, ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.
[2] ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით.
[3] რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს.
[4] მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.
[5] თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა.
[6] რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს.
[7] ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რაიმეს.
[8] ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყველა გზაზე.
[9] მაგრამ თავმდაბალი ძმა იქოს თავისი სიმაღლით,
[10] მდიდარი კი – თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის, როგორც ბალახის ყვავილი.
[11] რადგან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზებზე.
[12] ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ.
[13] ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის.
[14] არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
[15] მერე გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
[16] ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
[17] ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა.
[18] მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
[19] ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი.
[20] ვინაიდან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
[21] ამიტომ, მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
[22] იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
[23] რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს.
[24] შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.
[25] მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
[26] თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ მორწმუნეა და ენას არ ალაგმავს, არამედ თავის გულს აცდუნებს, ფუჭია მისი სარწმუნოება.
[27] წმიდა და შეუბღალავი საწმუნოება მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი სოფლისაგან.