Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:49

[1] ამიტომ გვმართებს მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.

[2] ვინაიდან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს,

[3] მაშ, როგორ გადავრჩებით უგულებელმყოფელნი ეგზომი ხსნისა? პირველად იგი უფლის მეშვეობით გამოცხადდა და გამგონეთა მეშვეობით განმტკიცდა ჩვენში,

[4] ღვთის მიერ ნიშების, სასწაულებისა და სხვადასხვა ძალთა დამოწმებით, და მისი ნებისამებრ სულიწმიდის განაწილებით.

[5] ვინაიდან, ანგელოზებს როდი დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი მსოფლიო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ.

[6] სადღაც ვისმე დაუმოწმებია და უთქვამს, „რა არის კაცი, რომ გახსოვს? ანდა კაცის ძე, რომ მოინახულებ?

[7] ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დააგვირგვინე და დააყენე იგი შენს ხელთა ნაქმნარზე მაღლა;

[8] ყოველივე დაუმორჩილე მის ფერხთა ქვეშ.“ ხოლო, როცა ყოველივე დაუმორჩილა მას, არაფერი დაუტოვებია, მისთვის, რომ არ დაემორჩილებინა. ახლა კი ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს.

[9] მაგრამ ვხედავთ, რომ სიკვდილის განცდის გამო დიდებით და პატივით დაგვირგვინებულია იესო, რომელიც ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, რათა მას ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის.

[10] ვინაიდან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მოიყვანა დიდებამდე, რომ მათი გადარჩენის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.

[11] ვინაიდან განმწმედელი და განწმედილნიც ყველანი ერთისაგან არიან, ამიტომ არ რცხვენია, მათ ძმები უწოდოს,

[12] და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობ შენ.“

[13] და კიდევ: „მივენდობი მას.“ და კიდევ: „აგერ, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა.“

[14] რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი,

[15] და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ.

[16] ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაამის თესლს ღებულობს.

[17] ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად.

[18] ვინაიდან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ.

წერილი ებრაელთა მიმართ — Chapters