[1] ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
[2] მასში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
[3] რწმენით შევიტყობთ, რომ საუკუნეები მოწყობილია ღვთის სიტყვით, რადგან წარმოიშვა უხილავისაგან.
[4] რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და მისითვე კვლავ ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგ.
[5] რწმენით იქნა გადაყვანილი ხანოქი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, ვინაიდან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
[6] ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს.
[7] რწმენით მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული; ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად. ამით მსჯავრი დასდო სოფელს და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის ძალით.
[8] რწმენით დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, რომელიც სამემკვიდროდ უნდა მიეღო, და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
[9] რწმენით მდგმურობდა აღთქმულ ქვეყანაში, როგორც უცხოს, და კარვებში სახლობდა ისაკთან და იაკობთან – იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.
[10] ვინაიდან ელოდა საძირკვლიან ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია.
[11] რწმენით მიიღო სარამაც, უნაყოფომ, ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
[12] ამიტომ ერთისაგან და, ისიც ლამის მკვდრისაგან იშვა მრავალი, როგორც ცაში ვარსკვლავები და, როგორც უთვალავი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
[13] რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი, მხოლოდ შორიდან დაინახეს ისინი, ერწმუნენ მათ, და ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და მწირნი არიან ამ ქვეყანაზე.
[14] ხოლო ისინი, ვინც ამას ამბობდნენ, ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
[15] და თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
[16] მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური. ამიტომ ღმერთსაც არ ეთაკილება, რომ თავის თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან მოუმზადა მათ ქალაქი.
[17] რწმენით მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა და, აღთქმათა მიმღებელმა, მხოლოდშობილი შესწირა.
[18] რომელზეც ნათქვამი იყო: „ისაკში დაგეწერება შთამომავლობა“.
[19] ვინაიდან მიიჩნია, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომ მიიღო იგი მაგალითის სახით.
[20] რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.
[21] რწმენით აკურთხა სათითაოდ იაკობმა იოსების ძენი და თაყვანი სცა ღმერთს თავის კვერთხს დაყრდნობილმა.
[22] რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების შესახებ.
[23] რწმენით მალავდნენ მოსეს მისი მშობლები დაბადებიდან სამ თვეს, ვინაიდან ხედავდნენ, რომ ბავშვი კარგი იყო, და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.
[24] რწმენით უარი თქვა მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო.
[25] და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას.
[26] ცხებულის გულისთვის დამცირება მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან ხედავდა საზღაურს.
[27] რწმენით დატოვა ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
[28] რწმენით მოაწყო პასექი და სისხლის შეპკურება, რათა არ გაჰკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს.
[29] რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, ხოლო ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
[30] რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
[31] რწმენით არ დაიღუპა ურწმუნოებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობიანად მიიღო მზვერავები.
[32] კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე,
[33] რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს,
[34] შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს.
[35] ცოლები აღდგომიდან ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათ.
[36] ზოგმა დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები.
[37] მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, მახვილივთ იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროვებულნი, დათრგუნულნი.
[38] ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი სოფელი, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, მიწის მღვიმეებსა და ხევხუვებში.
[39] ყველა ამათგანს რწმენით დამოწმება კი ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
[40] იმიტომ, რომ წინასწარ გაითვალისწინა ღმერთმა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ განსრულებულიყვნენ.