Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:23

[1] ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი.

[2] შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.

[3] იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი.

[4] ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად

[5] და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ,

[6] რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს“.

[7] თუ თქვენ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს. ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

[8] ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაც ყველასთვის საზიაროა, მაშინ თქვენ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.

[9] და კიდევ: თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიდნენ და გვეშინოდა მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?

[10] ისინი გვწვრთნიდნენ თვითნებურად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენი სარგებლობისათვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში.

[11] ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა.

[12] აბა, გამართეთ დაშვებული ხელები და მოკვეთილი მუხლები.

[13] მოასწორეთ გზები თქვენს ფერხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს.

[14] ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.

[15] გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რომელიმე მწარე ფესვმა აღმოცენებისას ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს.

[16] რათა არ იყოს თქვენს შორის გარყვნილი ან უწმიდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის უარი თქვა პირმშოობაზე.

[17] თქვენ ხომ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა, მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას.

[18] თქვენ არ მიახლოვებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აღგზნებულს, არც ბნელსა და წყვდიადს ან ქარიშხალს,

[19] არც საყვირის ხმას და არც სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, რომ მათთვის აღარ გაგრძელებულიყო სიტყვა,

[20] ვინაიდან აღარ შეეძლოთ იმ ნაბრძანების ატანა: „ცხოველიც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს.“

[21] იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემაც თქვა: „შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ“.

[22] მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს – და აურაცხელ ანგელოზებს,

[23] კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხველ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს,

[24] და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.

[25] ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან, თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მაუწყებელი, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციდან მაუწყებელს,

[26] რომლის ხმამ მაშინ შეძრა მიწა და რომელმაც ახლა მოგვცა ასეთი აღთქმა: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო მიწას, არამედ ცასაც“.

[27] ეს „კიდევ ერთხელ“ ნიშნავს შეძრულთა შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.

[28] ამიტომ ჩვენ, შეუძრავ სასუფეველს რომ ვღებულობთ, ვიქონიოთ მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოწიწებითა და მოშიშებით.

[29] რადგან ჩვენი ღმერთი შემჭმელი ცეცხლია.

წერილი ებრაელთა მიმართ — Chapters