[1] ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ; და კვლავ ნუ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,
[2] ნათლობათა, ხელდასხმისა, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.
[3] ამას გავაკეთებთ, თუ ღმერთი ნებას მოგვცემს.
[4] ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ზეციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
[5] გემო უნახეს ღვთის კეთილ სიტყვას და საუკუნო ძალებს,
[6] და მერე დაცემულნი კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი კვლავ ჯვარს აცვამენ ღვთის ძეს და აგინებენ.
[7] ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება – იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.
[8] ხოლო, რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი. მისი ბოლო დაწვაა.
[9] მაგრამ, საყვარელნო, ჩვენ გვჯერა, რომ უკეთესნი ხართ და მიწევნულნი ხართ ხსნას, თუმცა ასე ვლაპარაკობთ.
[10] ვინაიდან ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს.
[11] მაგრამ გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი, სასოების სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე,
[12] რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენით და სულგრძელებით იმკვიდრებენ აღთქმებს.
[13] ვინაიდან ღმერთი, აძლევდა რა აღთქმას აბრაამს, რაკი არ შეეძლო, ვინმე თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა.
[14] უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ“.
[15] და ასე, სულგრძელებით მიაღწია აღთქმას.
[16] ადამიანები იფიცავენ უმეტესს და ფიცია მათი ყოველგვარი დავის დასასრულის დამამტკიცებელი.
[17] ამიტომ, როცა ღმერთს სურდა უპირატესად ეჩვენებინა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების შეურყევლობა, ფიცს მიმართა,
[18] რათა ორ შეურყეველ საქმეში, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, დიდი ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, რომელნიც გავეშურეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს,
[19] რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით სანდოა და მტკიცე და შედის ფარდის მიღმა,
[20] სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა უკუნისამდე მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით.