[1] ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში,
[2] ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი.
[3] იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით. როდესაც მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა.
[4] ანგელოზებზე იმდენადვე უკეთესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა.
[5] ვინაიდან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ოდესმე: „ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ.“ ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე“?
[6] ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს მსოფლიოში პირმშო, ამბობს: „დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა.“
[7] ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ – მოგიზგიზე ცეცხლად.“
[8] ძეზე კი: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.
[9] შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო შენ ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს თანამოზიარეებზე მეტად.“
[10] და: „შენ დააფუძნე, უფალო, დასაბამად მიწა და ცა შენი ხელის ნამოქმედარია.
[11] ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები და ყოველივე დაძველდება სამოსელივით.
[12] მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევა.“
[13] ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად“?
[14] განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?