[1] პირველ აღთქმასაც ჰქონდა ღვთისმსახურების წესდებები და ამა სოფლის წმიდა,
[2] ვინაიდან მოწყობილი იყო პირველი კარავი, რომელშიც იყო სასანთლე, ტაბლა და საწირი პური და რომელსაც წმიდა ეწოდებოდა;
[3] მეორე ფარდის მიღმა იყო კარავი, სახელწოდებით წმიდათა წმიდა,
[4] რომელსაც ჰქონდა ოქროს სასაკმევლე და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ტაკუკი, აარონის განედლებული კვერთხი და აღთქმის დაფები.
[5] ხოლო მათ ზემოთ დიდების ქერუბიმნი, რომელნიც უჩრდილავდნენ შენდობის ადგილს. ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ დაწვრილებით.
[6] ასეთნაირად მოწყობილ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა შესასრულებლად.
[7] ხოლო მეორეში – მარტო მღვდელმთავარი, წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისათვის და ხალხის უმეცრებისათვის.
[8] სულიწმიდა უჩვენებს ამით, რომ ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდაში, სანამ დგას პირველი კარავი.
[9] ეს არის აწმყო დროის იგავი, როცა სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა,
[10] რაც საჭმელ-სასმელებითა და სხვადასხვა განბანებით, და ხორციელი წესებით, დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე.
[11] ხოლო ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი, არა ამნაირად შექმნილით,
[12] არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.
[13] ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული,
[14] მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის.
[15] ამიტომ ის არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან საუკუნო მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული.
[16] ვინაიდან, სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მოანდერძის სიკვდილი.
[17] რადგან ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. მანამდე მას ძალა არა აქვს, ვიდრე მოანდერძე ცოცხალია.
[18] ამიტომ არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე.
[19] ვინაიდან მოსემ, როცა წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს.
[20] და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ“.
[21] მან კარავსაც და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც ასხურა სისხლი.
[22] თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება.
[23] ამგვარად, იმათი სახეები, რომლებიც ზეცაში არიან, უნდა წმიდავდებოდნენ ამით, თვით ზეციურნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით.
[24] რადგან არა ხელთქმნილ წმიდაში შევიდა ქრისტე, ჭეშმარიტის წინასახეში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ღვთის წინაშე ჩვენთვის.
[25] და არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმიდაში სხვისი სისხლით.
[26] მაშინ მას სოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი მსხვერპლით ცოდვის აღსაკვეთად.
[27] და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა,
[28] ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.