[1] ვინაიდან ეს მელქიცედეკი, შალემის მეფე, მაღალი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეების განადგურების შემდეგ დაბრუნებულს, და აკურთხა იგი.
[2] იგი, რომელსაც აბრაამმა მეათედი უწილადა ყველაფრისაგან. პირველად მისი სახელი ნიშნავს: სიმართლის მეფეს, შემდეგ: შალემის მეფეს, ანუ მშვიდობის მეფეს.
[3] უმამო, უდედო, უგვარმტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ.
[4] შეხედეთ ახლა, რაოდენ დიდია იგი, რომელსაც მამამთავარმა აბრაამმა უწილადა მეათედი ნადავლიდან.
[5] მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისაგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ.
[6] მან კი ვინც მათი გვარიდან არ არის, მიიღო მეათედი აბრაამისაგან და აკურთხა აღთქმის მქონე.
[7] ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება.
[8] აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი – ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია.
[9] და, ასე ვთქვათ, თვით ლევიმ, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაამის სახით გაიღო მეათედი.
[10] ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მას მელქიცედეკი შეეგება.
[11] ჰოდა, სრულყოფა რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), მაშ, რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქიცედეკის წესით და სახელდება არა აარონის წესით?
[12] რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც.
[13] ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, რომლისაგანიც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს.
[14] ვინაიდან ცხადია, რომ ჩვენი უფალი აღმობრწყინდა იუდასაგან, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს.
[15] და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქიცედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი,
[16] რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არაა მღვდელი, არამედ შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით.
[17] ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით“.
[18] ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უძლურებისა და უსარგებლობის გამო,
[19] ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.
[20] და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე,
[21] ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი – ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით’“.
[22] ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდებიც იესო გახდა.
[23] მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში,
[24] მას კი, უკუნისამდე დარჩენით გარდაუვალი მღვდლობა აქვს.
[25] ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ.
[26] ასეთი მღვდელმთავარი შეგვფერის ჩვენ: წმიდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული,
[27] რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. ვინაიდან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა.
[28] ვინაიდან რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ რჯულის შემდგომ დააყენა ძე უკუნისამდე სრულქმნილი.