[1] და ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი.
[2] ვინაიდან ის ამბობს: „მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე.
[3] ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს,
[4] არამედ ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი: დიდ მოთმინებაში, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში,
[5] ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში,
[6] სიწმიდეში, ცოდნაში, სახიერებაში, სულიწმიდაში და უანგარო სიყვარულში,
[7] ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, მარჯვენისა და მარცხენის სიმართლის იარაღით,
[8] დიდებასა და სირცხვილში, გმობით და ქებით, ვითომც მაცდურნი, მაინც ჭეშმარიტნი;
[9] როგორც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი, როგორც მომაკვდავნი, და აჰა, ვცოცხლობთ! როგორც დასჯილნი, მაგრამ არ ვკვდებით;
[10] როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონებელნი.
[11] ჩვენი ბაგე გახსნილია თქვენს მიმართ, კორინთელნო, და გაშლილია ჩვენი გული.
[12] თქვენ ვიწროთ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენშივეა სივიწროვე.
[13] ხოლო ამაზე სამაგიეროდ გეუბნებით, როგორც შვილებს: იყავით თქვენც გაშლილნი.
[14] ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?
[15] რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?
[16] რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
[17] ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით!“ – ამბობს უფალი. „უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ.
[18] ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.