Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:47

[1] რადგან ვიცით, რომ, როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი – კარავი, ღვთისაგან გვაქვს შენობა ცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო.

[2] ვინაიდან მართლაც ვოხრავთ და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას,

[3] თუ შემოსილნიც შიშვლები არ აღმოვჩნდით.

[4] ვინაიდან, მართლაც, ამ კარავში ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლის მიერ.

[5] სწორედ ამისათვის შეგვამზადა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სული საწინდრად.

[6] ამიტომ ყოველთვის მხნედა ვართ და ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისაგან,

[7] ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.

[8] მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავბინავდეთ.

[9] ამიტომ ვცდილობთ კიდეც, აქ ვიქნებით თუ იქ, მისთვის სასურველნი ვიყოთ.

[10] ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილს თუ ბოროტს.

[11] და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს შთავაგონებთ, ღვთისთვის კი გაცხადებული ვართ. და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისთვისაც გაცხადებული ვართ.

[12] ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ ჩვენს თავს, არამედ საბაბს გაძლევთ მოჰკვეხდეთ ჩვენით, რომ სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც ზერელედ იკვეხნის და არა გულით.

[13] ვინაიდან თუ გონს გადასულნი ვართ – ღვთისათვის, ხოლო თუ გონიერები – თქვენთვის.

[14] ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ.

[15] ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.

[16] ამიტომ ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად. თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ.

[17] მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია.

[18] ყოველივე ღვთისაგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება.

[19] იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა სოფელი და არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და გვიბოძა შერიგების სიტყვა.

[20] ამგვარად, ჩვენ ელჩები ვართ ქრისტესთვის, და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.

[21] ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში.

პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters