Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:15

[1] და აჰა, გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლის შესახებ, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.

[2] ვინაიდან, მიუხედავდ დიდი შევიწროებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში.

[3] ვინაიდან, ვადასტურებ, რომ თავიანთი ძალის შესაბამისად და უფრო მეტადაც გულუხვნი იყვნენ.

[4] დიდი დაჟინებით გვთხოვეს მადლი და თანაზიარება წმიდათა მომსახურებაში.

[5] და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ მათ საკუთარი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენ, ღვთის ნებით.

[6] ამიტომ ტიტეს ვთხოვეთ, რომ, როგორც დაიწყო, ასევე დაემთავრებინა თქვენთან ეს კეთილი საქმე.

[7] ხოლო როგორც სიუხვე გაქვთ ყველაფრით: რწმენით და სიტყვით, ცოდნით და ყოველგვარი სიბეჯითით და თქვენში ჩვენი სიყვარულით, ასე იუხვეთ ამ მადლშიც.

[8] ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ რათა სხვათა სიბეჯითით გამოვცადო თქვენი სიყვარულის სიწრფელეც.

[9] ვინაიდან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, თუმცა მდიდარი იყო, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.

[10] ჩემს რჩევას ვიძლევი ამაზე, რადგან სასარგებლო იქნება თქვენთვის იმის აღსრულება რაც შარშან წამოიწყეთ და ხალისითაც.

[11] ახლა კი დაასრულეთ კიდეც საქმე, რათა, რისი გაკეთებაც გულმოდგინედ გსურდათ, დაამთავროთ კიდეც თქვენი შეძლებისამებრ.

[12] ვინაიდან, როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.

[13] არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისთვის.

[14] ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულებას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულება, რომ იყოს თანასწორობა.

[15] როგორც სწერია: „ვინც ბევრი აკრიფა, ზედმეტი არ ჰქონდა, ხოლო ვინც ნაკლები – არ აკლდა.“

[16] და მადლობა ღმერთს, რომელიც ასეთსავე სიბეჯითეს აძლევს თქვენს მიმართ ტიტეს გულს.

[17] ვინაიდან მართლაც მიიღო ჩვენი შეგონება და მომეტებული სიბეჯითით და საკუთარი სურვილით წამოვიდა თქვენთან.

[18] მასთან ერთად გამოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის.

[19] გარდა ამისა, ის არჩეულია ეკლესიების მიერ ჩვენს თანამგზავრადაც ამ სამადლო საქმეში, რასაც ჩვენ ვემსახურებით თვით უფლის სადიდებლად და თქვენი გულმოდგინების შესაბამისად.

[20] ვფრთხილობთ, რომ არავინ გამოვიდეს ბოროტი საყვედურით ჩვენზე, როცა ესოდენ უხვია ეს შემოწირულება, რომელიც ჩვენი მსახურებით იქნა მოპოვებული.

[21] ვინაიდან ვცდილობთ კეთილისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც.

[22] გამოვგზავნეთ მათთან ერთად ჩვენი ძმა, რომლის სიბეჯითე მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, ხოლო ახლა უფრო მეტად ბეჯითია, რადგან დიდი ნდობა აქვს თქვენდამი.

[23] რაც შეეხება ტიტეს, ის ჩემი მეგობარი და თანამშრომელია თქვენთან. ხოლო რაც შეეხება ჩვენს ძმებს, ეკლესიების წარგზავნილნი და ქრისტეს დიდება არიან.

[24] ამიტომ უჩვენეთ და დაუმტკიცეთ მათ ეკლესიების წინაშე თქვენი სიყვარული და ის, რითაც ჩვენ ვიკვეხნით თქვენით.

პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters