Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:53

[1] ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე.

[2] შეგვითვისეთ, არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია, არავისგან გვიძებნია გამორჩენა.

[3] მსჯავრის დასადებად არ ვამბობ. რადგან წინასწარვე ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა თქვენთან მოვკვდეთ და თქვენთან ვიცოცხლოთ.

[4] დიდი ნდობა მაქვს თქვენი, ბევრს ვიკვეხნი თქვენით. აღვსილი ვარ ნუგეშით, გულნაჯერი ვარ სიხარულით, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა.

[5] ვინაიდან, როცა მაკედონიაში მოვედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონია მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში: გარეთ – ბრძოლები, შინ – შიში.

[6] მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, ნუგეში გვცა ტიტეს მოსვლით.

[7] და არა მარტო მისი მოსვლით, არამედ აგრეთვე ნუგეშით, რომლითაც ნუგეშცემული იყო იგი თქვენით, როცა გვიამბო თქვენს სიბეჯითეზე, თქვენს ტირილზე, თქვენს თავგამოდებაზე ჩემს მიმართ და, ამრიგად, უფრო მეტად გავიხარე.

[8] ამიტომ, თუ კიდეც დაგამწუხრეთ წერილით, არ ვნანობ, თუმცა კინაღამ ვინანე, ვინაიდან ვხედავ, რომ ამ წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით.

[9] ახლა მე ვხარობ არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ დამწუხრდით მოსანანიებლად, რადგან დამწუხრდით ღვთის გულისათვის. ასე, რომ არაფერი დაგზიანებიათ ჩვენგან.

[10] ვინაიდან ღვთის გულისათვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება სანანებელი, ხოლო სოფლის წუხილი სიკვდილს წარმოშობს.

[11] ვინაიდან იმან, ღვთის გულისათვის რომ დამწუხრდით, დახეთ, რამდენი რამ წარმოშვა თქვენში: როგორი სიბეჯითე, როგორი გამართლება, როგორი გულისწყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი, როგორი მოშურნეობა, როგორი სასჯელი და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში.

[12] ამიტომ, თუ კიდეც მოგწერეთ თქვენ, არც შეურაცხმყოფელის გულისათვის და არც შეურაცხყოფილის გულისათვის, არამედ, რათა თქვენი გულმოდგინება ჩვენდამი გამოჩნდეს თქვენში ღვთის წინაშე.

[13] და ამიტომ ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით. ხოლო უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რომ თქვენ ყველამ დაამშვიდეთ მისი სული.

[14] თუ რამეში დავიკვეხე თქვენს შესახებ მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ. მაგრამ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი კვეხნა ტიტეს წინაშე.

[15] უფრო ძლიერდება მისი სიყვარული თქვენს მიმართ, იხსენებს რა ყველა თქვენგანის მორჩილებას და იმას, რომ მოშიშობით და თრთოლვით მიიღეთ იგი.

[16] ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ.

პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters