[1] თუმცა ზედმეტია ჩემთვის მოგწეროთ წმიდანთა მომსახურებაზე,
[2] ვინაიდან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია მომზადებულია შარშანდლიდან. და მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ,
[3] ხოლო ძმები გამოვგზავნე იმისათვის, რომ ფუჭი არ იყოს ჩვენი კვეხნა თქვენით ამ საქმეში და რათა მზად იყოთ, როგორც ვთქვი,
[4] რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად და გპოვებენ მოუმზადებელთ, არ შევრცხვეთ, არ ვამბობ, თქვენ-მეთქი, რაკი ესოდენ დაბეჯითებით დავიკვეხეთ.
[5] ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენი უკვე დაპირებული ძღვენი, რათა მზად იყოს, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.
[6] ამასთან გეტყვით, ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის.
[7] თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.
[8] ხოლო ღმერთს ძალუძს გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით, რათა თქვენ, ყველაფერში მუდამ ყოველივეს საკმარისად მქონენი, მდიდარნი იყოთ ყოველ კეთილ საქმეში.
[9] როგორც სწერია: „გაფანტა, ღარიბებს დაურიგა, მისი სიმართლე რჩება საუკუნოდ.“
[10] ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფთ:
[11] ყველაფერში გამდიდრდებით ყოველგვარი ხელგაშლილობისათვის, რაც ჩვენს მიერ ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.
[12] ვინაიდან ამ საქმის სამსახური არა მარტო ავსებს წმიდათა ნაკლებობას, არამედ უხვობს კიდეც ღვთისადმი მრავალი მადლიერებით.
[13] ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილი აღიარებისათვის, აგრეთვე ხელგაშლილობისათვის მათთან და ყველასთან თანაზიარებაში.
[14] ხოლო ისინი, როცა ლოცულობენ თქვენთვის, შემოგნატრიან თქვენ ღვთის მადლისათვის, რომელიც თქვენში მომეტებულად არის.
[15] მადლობა ღმერთს მისი აურაცხელი ნიჭისათვის.