[1] ამიტომ, რაკი ასეთი მსახურება გვაქვს, როგორიც გვეწყალობა, არ ვცხრებით,
[2] არამედ უარვყავით სასირცხვილოს დაფარვა და არა ცბიერი ქცევით და ღვთის სიტყვის დამახინჯებით, არამედ ჭეშმარიტების გამოჩენით წარვადგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისის მიმართ ღვთის წინაშე.
[3] და თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული,
[4] ურწმუნოთათვის, ვისაც ამ საუკუნის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა, რომელიც უხილავი ღვთის ხატია.
[5] ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს. ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის.
[6] ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო, მანვე გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღვთის დიდების ცოდნით იესო ქრისტეს სახეში.
[7] მაგრამ ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა გადამეტებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან.
[8] ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი.
[9] დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი. გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.
[10] და მუდამ სხეულში ვატარებთ უფალ იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს.
[11] ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს მოკვდავ ხორცში გამოჩნდეს.
[12] ამიტომ ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, ხოლო თქვენში – სიცოცხლე.
[13] და რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, როგორც სწერია: „მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი,“ ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ.
[14] რაკი ვიცით, რომ, ვინც აღადგინა უფალი იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად.
[15] ვინაიდან ყოველივე თქვენთვის არის, რათა მრავლის მიერ მადლის გამრავლებით გავრცელდეს მადლიერება ღვთის სადიდებლად.
[16] ამიტომ არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე.
[17] ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის,
[18] როცა ვუყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი – საუკუნო.