[1] თავად მე, პავლე, მოგიწოდებთ ქრისტესმიერი თვინიერებით და კეთილგანწყობით – მე, რომელიც თქვენთან პირისპირ მყოფი თავმდაბალი ვარ, შორიდან კი – კადნიერი, –
[2] და გევედრებით, რომ ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთების მიმართ, ვისაც ჰგონია, თითქოს ხორცის მიხედვით დავდიოდეთ.
[3] ვინაიდან, თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით.
[4] ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად.
[5] იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
[6] და მზად ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა თქვენი მორჩილება აღსრულდება.
[7] შეხედეთ იმას, რაც თქვენს წინაშეა. ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე დაფიქრდეს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
[8] და თუ უფრო მეტად დავიკვეხნი ჩვენი ხელმწიფებით, რომელიც უფალმა მოგვცა ასაშენებლად და არა თქვენს დასაქცევად, არ შევრცხვები.
[9] ამიტომ არ მოგეჩვენოთ, თითქოს გემუქრებოდეთ წერილებით.
[10] ამბობენ: წერილებში ის მძიმე და ძლიერიაო, მაგრამ როდესაც პირადად იმყოფება, სუსტია და მისი სიტყვაც არარაობააო.
[11] დაე, იცოდეს ასეთმა, რომ, როგორებიც სიტყვებით ვართ წერილებში არყოფნისას, ისეთივე ვართ საქმეში თქვენთან ყოფნისას.
[12] ვინაიდან ვერ ვბედავთ დავუპირისპირდეთ, ანდა შევედაროთ იმათ, რომელთაც თავი მოაქვთ: ისინი უჭკუობით თავისი თავით ზომავენ თავს და თავიანთ თავს თავის თავთან ადარებენ.
[13] ხოლო ჩვენ უზომოდ არ დავიკვეხნით, არამედ იმ ზომით, რა ხვედრიც ღმერთმა გვიწილადა, რომ თქვენამდე მოვაღწიოთ.
[14] ვინაიდან, ჩვენ ხომ მეტისმეტად არ ვიძაბებით, თითქოს არ მოგვეღწიოს თქვენამდე, იმიტომ, რომ თქვენამდეც მოვაღწიეთ ქრისტეს სახარებით.
[15] უზომოდ არ ვიკვეხნით სხვისი შრომით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ თქვენი რწმენის ზრდის კვალობაზე უხვად გავადიდებთ თქვენში ჩვენს ხვედრს.
[16] რათა თქვენს იქითაც ვახაროთ და არ ვიკვეხნიდეთ იმით, რაც უკვე გამზადებულია სხვათა ხვედრში.
[17] ვინც იკვეხნის, უფლით დაიკვეხოს.
[18] ვინაიდან, ის კი არ არის მოწონებული, ვინც თავს იქებს, არამედ – ვისაც უფალი აქებს.