[1] ო, ნეტავ ოდნავ მაინც შეიწყნარებდეთ ჩემს სისულელეს! თუმცა მიწყნარებთ კიდეც.
[2] ვინაიდან თავგამოდებული ვარ თქვენს მიმართ ღვთიური თავგამოდებით, რადგან დაგწინდეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
[3] მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ სიწრფელესა და სიწმიდეს ქრისტეში.
[4] ვინაიდან, თუ მოვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ანდა, რომ მიიღოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით.
[5] რადგან ვფიქრობ, არაფერში ჩამოვუვარდები აღმატებულ მოციქულებს.
[6] და თუმცა სიტყვით უმეცარი ვარ, არა ცოდნით, მაინც ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენთვის.
[7] ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე თავის დამდაბლებით, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, რადგან უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
[8] სხვა ეკლესიებს ვართმევდი, ვიღებდი მათგან ქირას, რათა თქვენ მოგმსახურებოდით. ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მაკლდა კიდეც, არავინ შემიწუხებია.
[9] ვინაიდან ჩემს ნაკლულებას ავსებდნენ მაკედონიიდან მოსული ძმები და ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით თქვენ, და კვლავაც ვეცდები.
[10] ქრისტეს ჭეშმარიტებით, რომელიც ჩემშია, გეუბნებით, რომ ეს სიქადული არ წამერთმევა აქაიის მხარეებში.
[11] რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა უწყის!
[12] მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი მოვკვეთო მათ, ვინც საბაბს ეძებს, რათა ისინი ჩვენისთანანი აღმოჩნდნენ იმაში, რითაც იკვეხნიან.
[13] ვინაიდან ასეთები არიან ცრუ მოციქულნი, მზაკვარი მუშაკნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.
[14] და არ არის საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება.
[15] ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეთამებრ იქნება.
[16] კვლავაც ვიტყვი: ნურავინ ჩამთვლის უგუნურად. და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც ვიკვეხნო.
[17] რასაც ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე, არამედ თითქოს უგუნურებით,
[18] რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხი.
[19] ვინაიდან თქვენ, გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს.
[20] რადგან იწყნარებთ, თუ ვინმე დაგიმონებთ, თუ ვინმე შეგსანსლავთ, თუ ვინმე დაგიპყრობთ, თუ ვინმე გაყოყოჩდება, თუ ვინმე სახეში გცემთ.
[21] შესარცხვენად ვამბობ ამას, თითქოს დავუძლურდით. მაგრამ, თუ ვინმე გაკადნიერდება და რაიმეთი დაიკვეხნის, უგუნურებით ვიტყვი ამას: მეც გავკადნიერდები.
[22] ისინი ებრაელები არიან? მეც. ისრაელიანები არიან? მეც. აბრაამის თესლნი არიან? მეც.
[23] ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად. უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას.
[24] ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.
[25] სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი,
[26] მრავალჯერ მოგზაურობებში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოდ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმათა შორის,
[27] შრომასა და გაჭირვებაში, გამუდმებულ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, გამუდმებულ მარხულობაში, ყინვასა და სიშიშვლეში.
[28] კიდევ გარდა სხვათა, დღითი-დღე რომ მიხდება: ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
[29] ვინმე დაუძლურდა და მე არ დავუძლურდი? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ავენთე?
[30] თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი.
[31] ღმერთმა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, კურთხეულმა უკუნითი უკუნისამდე, უწყის, რომ არ ვცრუობ.
[32] დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დარაჯობდა დამასკელთა ქალაქს, რათა შევეპყარი.
[33] სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედელზე და ხელიდან დავუსხლტი მას.