Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:19

[1] მაგრამ ჩემთვის ასე გადავწყვიტე, აღარ მოვიდე თქვენთან დასამწუხრებლად.

[2] ვინაიდან თუ მე გამწუხრებთ, მაშ ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც დამწუხრებულია ჩემგან.

[3] სწორედ ეს მოგწერეთ თქვენ, რათა ჩემი მოსვლისას არ მქონდეს წუხილი მათგან, ვისითაც უნდა გამეხარა. ხოლო ყველა თქვენგანში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყველა თქვენგანის სიხარულიცაა.

[4] ვინაიდან დიდი გულისტკივილითა და ნაღველით გწერდით და უამრავი ცრემლით, და არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის უზომო სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს.

[5] და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რამდენადმე გადაჭარბებულად რომ არ ვთქვა, თქვენ ყველანი.

[6] ასეთისათვის საკმარისია ეს სასჯელი მრავალთაგან.

[7] ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.

[8] ამიტომ შეგაგონებთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ.

[9] ვინაიდან იმისთვისაც დავწერე, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.

[10] და ვისაც თქვენ აპატიებთ რამეს, მეც, ვინაიდან მე თუ ვინმეს რაიმე ვაპატიე, თქვენი გულისათვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე.

[11] რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.

[12] ხოლო მე, როცა ტროადაში მოვედი ქრისტეს სახარების გულისათვის, კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,

[13] მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე. გამოვემშვიდობე მათ და გავემართე მაკედონიისაკენ.

[14] მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას,

[15] ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც.

[16] ზოგისთვის სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელია სასიცოცხლოდ. ვინაა ღირსი ამისათვის?

[17] ვინაიდან ჩვენ არ ვმეწვრილმანეობთ, როგორც მრავალნი, ღვთის სიტყვით, არამედ წრფელად, როგორც ღვთისაგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეში.

პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters