Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:28

[1] ნუთუ კიდევ დავიწყოთ საკუთარ თავთა წარდგენა? ნუთუ საჭიროა ჩვენთვის, როგორც ზოგიერთებისათვის, წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან?

[2] თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც იცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი.

[3] თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან გაგზავნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფიცრებზე, არამედ გულის ხორციელ ფიცრებზე.

[4] ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ,

[5] არა იმიტომ, რომ ჩვენ ძალგვედვას ჩვენ თვითონ განვსაჯოთ რაიმე, ვითომც ჩვენგან იყოს და არა ღვთისაგან ჩვენი შემძლეობა.

[6] მან შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. ვინაიდან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს.

[7] ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით გამოსახული, ისე დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახის ხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო,

[8] რამდენად დიდი იქნება სულის მსახურების დიდება?

[9] ვინაიდან, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო უხვობს დიდებით სამართლიანობის მსახურება,

[10] რადგან ამრიგად განდიდებული არ ჩაითვლება დიდებულად ამ აღზევებულ დიდებასთან შედარებით.

[11] ვინაიდან, თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი აქვს დიდება მას, რაც რჩება.

[12] ამიტომ, რაკი ამდენი თავისუფლება გვაქვს, დიდი გაბედულებითაც ვმოქმედებთ.

[13] და არა როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელიანებს წარმავალი დიდების დასასრული.

[14] მაგრამ დაეხშათ მათ გონება, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე აუხდელი რიდე, რადგან იგი ქრისტეშია მოხსნილი.

[15] მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე,

[16] ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევიან, რიდე ეხდებათ.

[17] ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.

[18] ჩვენ კი ყველანი ახდილი სახით ვხედავთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, და გარდავისახებით იმავე სახედ დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.

პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters