[1] დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია
[2] „პატივი ეცი შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, –
[3] რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე.“
[4] თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
[5] დაემორჩილეთ, მონებო, თქვენს ხორციელ უფალთ შიშითა და ძრწოლით, გულწრფელად, როგორც ქრისტეს,
[6] არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც სულით არსულებენ ღვთის ნებას
[7] და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს.
[8] იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს, უფლის მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
[9] თქვენ კი, ბატონებო, მათაც ასევე მოექეცით, თავი შეიკავეთ სისასტიკისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც უფალი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.
[10] და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
[11] შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას.
[12] რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
[13] ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა გასძლოთ.
[14] მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები,
[15] და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.
[16] და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
[17] აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
[18] ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით, და მუდამ იფხიზლეთ ამაზე ყოველგვარი სიმედგრით და ლოცვით ყველა წმიდისათვის,
[19] ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით გაცხადებით ვაუწყო, რომლის ელჩიცა ვარ,
[20] სახარების საიდუმლო, ბორკილდადებულმა, რათა გაცხადებით ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
[21] რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს გაუწყებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის სარწმუნო მსახური,
[22] რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რათა შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
[23] მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ მამა ღვთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
[24] მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელებაში უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ.