[1] ამიტომ შეგაგონებთ, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებულნი ხართ,
[2] მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში.
[3] ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
[4] ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში.
[5] ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,
[6] ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში.
[7] ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ.
[8] ამისათვის ამბობს: „ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანს.“
[9] ხოლო „ავიდა“ რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა?
[10] ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
[11] მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად,
[12] რათა სრულეყოთ წმიდები მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
[13] ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შეცნობას სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას.
[14] რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
[15] არამედ, ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე;
[16] ვის მიერაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
[17] ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც წარმართები იქცევიან თავიანთი გონების ამაოებით,
[18] გონებადაბნელებულნი და ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
[19] ისინი, რომელთაც გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
[20] ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე,
[21] რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი, ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება.
[22] მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი,
[23] და განახლებული ხართ თქვენი გონების სულით,
[24] და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით.
[25] ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თვითოეულმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, ვინაიდან ერთიმეორის ასოები ვართ.
[26] განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
[27] ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
[28] ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად.
[29] არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.
[30] ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას, რომლითაც თქვენ აღბეჭდეთ გამოსყიდვის დღისათვის.
[31] ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
[32] მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.