Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:32

[1] პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც ფილიპეში იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ:

[2] მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

[3] ვმადლობ ჩემს ღმერთს თქვენს ყოველ გახსენებაზე.

[4] მუდამ, ჩემს ყველა ვედრებაში, სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისათვის,

[5] სახარებაში თქვენი თანაზიარებისათვის, პირველი დღიდან აქამომდე.

[6] დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა შეასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე.

[7] სწორედაც რომ მმართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ, ჩემს ბორკილებში და სახარების დაცვისას და განმტკიცებისას, ყველანი თანაზიარნი ხართ ჩემს მადლში.

[8] ვინაიდან ღმერთია ჩემი მოწამე, რომ ყველანი მიყვარხართ იესო ქრისტეს სიყვარულით.

[9] ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული ცოდნასა და ყოველ გრძნობაში,

[10] რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და დაუბრკოლებელნი ქრისტეს დღეს,

[11] სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ ღვთის სადიდებლად და საქებრად.

[12] ძმებო, მსურს იცოდეთ, რომ რაც თავს გადამხდა სახარების წარმატებას უფრო ემსახურნენ.

[13] ისე რომ, ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა მთელი პრეტორიისათვის და ყველა დანარჩენთათვის.

[14] უფალში ძმათა უმრავლესობა გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკა ღვთის სიტყვა.

[15] თუმცა ზოგიერთნი შურიანობით და ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს, ზოგნი კი კეთილი ზრახვით.

[16] ესენი სიყვარულით, ვინაიდან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული.

[17] ზოგნი კი – ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რადგან ფიქრობენ დაამძიმონ ჩემი ბორკილები.

[18] მერედა რა? როგორც არ უნდა იქადაგონ ქრისტე – რაღაც მიზეზით თუ გულწრფელად, მე ასეც მიხარია და კვლავაც გავიხარებ.

[19] ვინაიდან ვიცი, რომ ეს ჩემი ხსნა იქნება თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით,

[20] თანახმად მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში არ შევრცხვები, არამედ მთელი სიცხადით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში – სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით,

[21] ვინაიდან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.

[22] თუ ხორციელი ცხოვრება ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არ ვიცი, რა ამოვირჩიო.

[23] მიზიდავს ორივე: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია,

[24] მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.

[25] მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ვიქნები თქვენთან ყველასთან ერთად თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისათვის,

[26] რათა ჩემი მეშვეობით გამრავლდეს თქვენი ქება ქრისტე იესოში, როცა კვლავ მოვალ თქვენთან.

[27] ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა, ან როცა მოვალ და გნახავთ, ან თუ არ ვიქნები თქვენთან, მოვისმინო თქვენზე, რომ დგახართ ერთი სულით და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისათვის.

[28] ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს: ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა. ეს ღვთისაგან არის.

[29] ვინაიდან ქრისტეს გულისათვის მოგეცათ თქვენ არა მარტო რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც

[30] ისეთივე ღვაწლით, რომელიც ჩემში ნახეთ და რომელსაც ახლა ისმენთ ჩემზე.

ფილიპელთა მიმართ — Chapters