Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:48

[1] და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით,

[2] რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ სოფლის ჟამისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს.

[3] ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად.

[4] მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა,

[5] ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად (მადლითა ხართ დახსნილნი),

[6] და თანააღგვადგინა და ცათა შინა თანადაგვსხა ქრისტე იესოში,

[7] რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.

[8] ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია,

[9] არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს,

[10] ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.

[11] ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები, რომელთაც წინადაუცვეთლებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც ერქვათ წინადაცვეთილები ხორცის წინდაცვეთით, რაც ხელით სრულდებოდა,

[12] რომ იმ დროს თქვენ ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათაგან უცხონი, არ გაგაჩნდათ სასო და უღვთონი იყავით სოფელში.

[13] ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით.

[14] ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა მდგარი ზღუდე.

[15] გააუქმა მტრობა თავისი ხორცით, მცნებათა რჯული – მცნებებით, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი კაცი, მშვიდობისმყოფელი.

[16] და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით მტრობის მოკვდინებით მასში.

[17] მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ – შორებელთ და ახლობელთ,

[18] ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან.

[19] ამიტომ თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,

[20] დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,

[21] რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება უფალში წმიდა ტაძრად,

[22] რომელზეც შენდებით თქვენც ღვთის დასამკვიდრებლად სულში.

ეფესელთა მიმართ — Chapters