[1] პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში:
[2] მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
[3] კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათა შინა,
[4] როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.
[5] წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ,
[6] თავისი მადლის დიდების საქებრად, რომლითაც მოგვმადლა თავის საყვარელში,
[7] რომლის მიერ გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
[8] რომელიც უხვად მოგვცა ყოველგვარი სიბრძნით და გონებით,
[9] რაკი გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე სურვილით, რომელიც წინასწარ განიზრახა მასში
[10] სამნეოდ ჟამთა აღვსებისა რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც მიწაზეა.
[11] მასში არჩეულნი ვიქენით კიდეც მემკვიდრეებად, რისთვისაც წინასწარ განსაზღვრული ვიყავით მისი განზრახვით, ვინც ყოველივეს იქმს თავისი ნებით,
[12] რათა ვიყოთ მისი დიდების საქებად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.
[13] მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ სულიწმიდის მიერ აღთქმული,
[14] რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია, საკუთრების გამოსასყიდად მისი დიდების საქებრად.
[15] ამიტომ მეც, როცა მოვისმინე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
[16] არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლობას თქვენთვის, გიხსენებთ ჩემს ლოცვებში,
[17] რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
[18] და გაანათლოს თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის,
[19] და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც საქმით გვწამს მისი ძალის ძლიერება,
[20] რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა რა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში
[21] ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი იწოდება არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც.
[22] და ყოველივე დაუმორჩილა მის ფერხთა ქვეშ და დაადგინა იგი ყველაფერზე – თავად ეკლესიისა,
[23] რომელიც მისი სხეულია, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.