[1] მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.
[2] იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.
[3] ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით.
[4] ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი,
[5] რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღვთის სასუფეველში.
[6] არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, ვინაიდან ამისათვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
[7] ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
[8] ვინაიდან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
[9] რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში.
[10] გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი.
[11] ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.
[12] ვინაიდან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა.
[13] და მაინც, მხილებული ნათლით მჟღავნდება,
[14] ვინაიდან ყოველივე, რაც გამომჟღავნდება, ნათელია, ამიტომ ამბობს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.“
[15] მაშ, ფრთხლად მოიქეცით – არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
[16] მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია.
[17] მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება.
[18] ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
[19] ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.
[20] მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს და მამას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.
[21] დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით.
[22] ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
[23] ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი.
[24] მაგრამ, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში.
[25] მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
[26] რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით სიტყვის მეშვეობით.
[27] რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო.
[28] ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს.
[29] ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას.
[30] იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
[31] ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან.
[32] დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე.
[33] ასევე ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა.