[1] ამისათვის მე, პავლე, ქრისტეს პატიმარი თქვენთვის, წარმართებისათვის. –
[2] როგორც თქვენ ისმინეთ ღვთის მადლის მნეობაზე, რომელიც მე დამევალა თქვენთვის,
[3] რადგან გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ.
[4] როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი,
[5] რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებია ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადათ მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით.
[6] რათა წარმართებიც თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და აღთქმის თანაზიარნი ყოფილიყვნენ ქრისტეში ხარების მეშვეობით,
[7] რომლის მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალისხმევით.
[8] მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი – მეხარებინა წარმართთათვის ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე
[9] და გამეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განგებულება ყოვლის შემქმნელ ღმერთში.
[10] რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით მთავრობათ და ხელმწიფებათ ეუწყოს ცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე
[11] მარადიული განჩინებით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,
[12] რომელშიც გვაქვს სითამამე და საიმედო მისადგომი მისი რწმენის მეშვეობით,
[13] ამიტომ გთხოვთ, გული არ გაიტეხოთ თქვენთვის ჩემი გასაჭირის გამო, რომელიც თქვენი დიდებაა.
[14] ამისათვის ვიდრეკ მუხლს მამის წინაშე,
[15] ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და ქვეყანაზე,
[16] რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, თავისი სულით შინაგან კაცში განსამტკიცებლად.
[17] ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენით თქვენს გულებში, და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში,
[18] რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, რა არის განი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე,
[19] და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
[20] ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,
[21] მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ.