[1] ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში.
[2] ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.
[3] ვინაიდან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და არაფერიც არ არის, ის თავის თავს ატყუებს.
[4] ხოლო ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით.
[5] ვინაიდან ყველამ თავისი სატარებელი ატაროს.
[6] სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სიკეთეს უზიარებდეს დამმოძღვრელს.
[7] ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.
[8] ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.
[9] სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით.
[10] მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე ვაკეთოთ ყველამ, და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით.
[11] ნახეთ, რამხელა წერილი მოგწერეთ ჩემი ხელით.
[12] ხორცით განდიდების მსურველები გაიძულებენ წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იდევნებოდნენ.
[13] ვინაიდან თვით წინადაცვეთილებიც არ იცავენ რჯულს, ოღონდ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხონ.
[14] მე კი, თუ დავიკვეხო, მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც სოფელია ჯვარცმული ჩემთვის და მე სოფლისთვის.
[15] ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.
[16] ვინც ამ წესის მიხედვით მოიქცევიან, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღვთის ისრაელზე.
[17] ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს წყლულებს ვატარებ ჩემი სხეულით.
[18] ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო. ამინ.