Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:57

[1] მოდით, ახლა თქვენც იტირეთ, მდიდრებო, და ივაგლახეთ იმ უბედურებაზე, თქვენზე რომ მოდის.

[2] თქვენი სიმდიდრე დალპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა დაჭამა.

[3] თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ, და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი. დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის.

[4] აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს, და მომკელთა ღაღადი უფალ ცაბაოთის ყურამდე აღწევს.

[5] თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის გულები დაისუქეთ.

[6] თქვენ მსჯავრი დასდეთ და მოჰკალით მართალი, ის კი არ გაგიძალიანდათ.

[7] ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის ადრეული და გვიანი წვიმის მოსვლას.

[8] თქვენც ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა.

[9] ჩემო ძმებო, ნუ ჩივით ერთმანეთზე, რათა არ იყოთ მსჯავრდადებულნი. აჰა, განმკითხავი კარზეა მომდგარი.

[10] ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ, ტანჯვისა და სულგრძელების მაგალითად აიღეთ თქვენთვის.

[11] აჰა, ჩვენ შევნატრით იმ მომთმენთ. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და მწყალობელია უფალი.

[12] პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ‘ჰო’ იყოს ჰო და ‘არა’ არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.

[13] ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს.

[14] არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით.

[15] რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება.

[16] აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას.

[17] ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა ქვეყნად წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს.

[18] კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი.

[19] ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას,

[20] იცოდეს, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს.

იაკობ მოციქულის წერილი — Chapters