[1] ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ,
[2] რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც.
[3] აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და ვმართავთ მთელ მათ სხეულს.
[4] აჰა, ხომალდები. როგორი დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ უნდა ატორტმანონ, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს.
[5] ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს.
[6] ენაც ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული. იგია მთელი სხეულის წამბილწავი და, ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი, თვით აღგზნებულია ჯოჯოხეთისაგან.
[7] რადგან ყოველგვარი ბუნება მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ.
[8] ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე.
[9] მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს.
[10] ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო.
[11] განა მოედინება ერთი წყაროსთვალიდან ტკბილი და მწარე?
[12] ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს – ლეღვი? ასევე ერთი წყაროდან არ შეიძლება მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი.
[13] ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოთმინებაში.
[14] მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ.
[15] ეს არაა მადლით გარდმოვლენილი სიბრძნე, არამედ ქვეყნიური, მიწიერი, ეშმაკისა.
[16] რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა.
[17] ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
[18] სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ.