[1] საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან.
[2] გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ. ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.
[3] ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტს ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმანი დაიკმაყოფილოთ.
[4] მრუშნო, განა არ იცით, რომ სოფელთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც სოფელთან მეგობრობა სურს, იგი ღვთის მტერი ხდება.
[5] ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „შურით სწადია ჩვენში დავანებულ სულს?“
[6] მაგრამ მით უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომ ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“
[7] ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.
[8] მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო.
[9] დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული – მწუხარებად.
[10] დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ.
[11] ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის მძრახავი და თავისი ძმის განმსჯელი ძრახავს და განსჯის რჯულს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარა ხარ, არამედ განმკითხველი.
[12] ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ?
[13] ახლა თქვენ, ვინც ამბობთ: დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო,
[14] რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.
[15] ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: „თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას გავაკეთებთ“, –
[16] ახლა თქვენი ამპარტავნებით პატივმოყვარეობთ. ყოველი ამგვარი ამპარტავნება ბოროტებაა.
[17] ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას.