[1] ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, დიდების რწმენა.
[2] რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით,
[3] როცა შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: „აქ დაბრძანდი კარგად.“ ღარიბს კი ეტყვით: შენ იქ დადექი, ანდა: აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო,
[4] განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუ-დი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?
[5] ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა სოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სასუფევლის მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა?
[6] თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
[7] განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
[8] თუ ასრულებთ სამეუფო რჯულს, წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ კარგს შვრებით.
[9] მაგრამ, თუ მიკერძოებით იქცევით, ცოდვას სჩადიხართ, რჯული გამხილებთ, როგორც რჯულის დამრღვევთ.
[10] რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება.
[11] რადგან მთქმელმა: „არ იმრუშო!“ ესეც თქვა: „არ მოკლა!“ და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, დამნაშავეებს.
[12] ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსაკითხველებმა.
[13] რადგან, უწყალო მსჯავრი – უმოწყალოს. წყალობა აღემატება მსჯავრს.
[14] ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა?
[15] თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია,
[16] რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: „მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე“, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია?
[17] ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია.
[18] მაგრამ იტყვის ვინმე: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი. მიჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.“
[19] შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.
[20] გსურს, ამაო ადამიანო, გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია?
[21] განა ჩვენი მამა, აბრაამი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა?
[22] ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა.
[23] აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „და ერწმუნა აბრაამი ღმერთს.“ ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა და ღვთის მეგობარი ეწოდა.
[24] თქვენ ხედავთ, რომ საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით.
[25] ასევე რახაბ მეძავი. განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა?
[26] რადგან, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე.