Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:30

[1] პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული – რჩეულთ, პონტოს, გალატიის, კაბადოკიის, აზიისა და ბითვინიის განთესილობის ხიზნებს,

[2] მამა ღვთის წინასწარი განჭვრეტით და სულის მიერ განწმენდით, დამორჩილებად და იესო ქრისტეს სისხლის საპკურებლად – მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ.

[3] კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად,

[4] უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისათვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის,

[5] ღვთის ძალაში, რწმენით დაცულებო, ხსნისათვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.

[6] ამაზე ილხინეთ, თუმცა ამჟამად მრავალგვარ განსაცდელში მცირე ხანს უნდა გაწვალდეთ,

[7] რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა, ხრწნად ოქროზე ძვირფასი, რომელიც ცეცხლში იცდება, ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას.

[8] ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ, ხარობთ გამოუთქმელი და დიდი სიხარულით,

[9] თქვენი რწმენით აღწევთ სულების ხსნას.

[10] ამ ხსნისთვის იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენთვის განკუთვნილ მადლზე წინასწარმეტყველებდნენ.

[11] იკვლევდნენ, რომელ და როგორ ჟამზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.

[12] რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ეხლა გეუწყათ ციდან მოვლინებული სულიწმიდის მიერ, თქვენი მახარებლისგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.

[13] ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებაში თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ.

[14] როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს,

[15] არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.

[16] რადგან სწერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.“

[17] თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად განიკითხავს თითოეულს საქმეთა მიხედვით, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი მწირობის ხანი.

[18] რაკი იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან,

[19] არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,

[20] რომელიც სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენი გულისათვის.

[21] რომელთაც მისით იწამეთ ღმერთი, ვინც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღვთის იმედი.

[22] რაკი ჭეშმარიტებისადმი დამორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უთვალთმაქცო ძმათმოყვარებისათვის: სუფთა გულით შეიყვარეთ ერთმანეთი მტკიცედ.

[23] როგორც ხელახლად შობილნი არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღვთის ცოცხალი და მარადარსებული სიტყვის მიერ.

[24] რადგან ყოველი ხორციელი ბალახივითაა და ყოველი მისი დიდება ბალახის ყვავილივითაა. ბალახი გახმა და ყვავილიც დასცვივდა.

[25] ღვთის სიტყვა კი საუკუნოდ მყოფობს. ეს კი ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.

პეტრე მოციქულის პირველი წერილი — Chapters