[1] ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყოვლის პატრონია.
[2] არამედ მეურვეთა და მნეთა ხელქვეით იმყოფება იგი, მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე.
[3] ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, დამონებულნი ვყავდით ამ სოფლის წესებს.
[4] და როცა მოვიდა სისავსე ჟამსა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა, და დაემორჩილა იგი რჯულს
[5] რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო შვილობა.
[6] და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო.“
[7] ამიტომ შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.
[8] ხოლო მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.
[9] ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ წესებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ?
[10] დღეებს იცავთ თქვენ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს.
[11] ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენს შორის.
[12] იყავით ჩემისთანები, ვინაიდან მეც თქვენისთანა ვარ, ძმებო, გევედრებით. ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ ჩემთვის.
[13] ეს იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ თქვენ პირველად.
[14] თქვენ კი არ შეიძულეთ და არც უგულებელყავით ჩემი განსაცდელი ხორციელად, არამედ მიმიღეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
[15] სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვმოწმობ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.
[16] მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
[17] კეთილად როდი მოშურნეობენ თქვენთვის, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა თქვენ თავი გამოიდოთ მათთვის.
[18] კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას.
[19] ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახება ქრისტე,
[20] მინდოდა თქვენთან ვყოფილიყავი და გამომეცვალა ჩემი კილო, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენს გამო.
[21] მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, განა არ უსმენთ რჯულს?
[22] ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისგან და მეორე თავისუფლისგან.
[23] მაგრამ რომელიც მხევლისგან იყო, ის ხორციელად შობილი იყო, ხოლო რომელიც თავისუფლისგან – აღთქმის თანახმად.
[24] ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, მონობისათვის შობილი, რომელიც არის აგარი.
[25] ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად.
[26] ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა.
[27] რადგან დაწერილია: „იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს.“
[28] და ჩვენ, ძმებო, ისაკის კვალზე აღთქმის შვილები ვართ.
[29] და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულით შობილს, ასევეა ახლაც.
[30] მაგრამ წერილი რას ამბობს? „განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ დაიმკვიდრებს თავისუფლის ძესთან ერთად.“
[31] ამრიგად, ძმებო, ჩვენ მხევლის შვილები კი არ ვართ, არამედ თავისუფალისა.