Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:59

[1] ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგაჯადოვათ თქვენ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას, თქვენ, რომელთა თვალწინ აღიწერა ცხადად იესო ქრისტეს ჯვარცმა.

[2] მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?

[3] ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ?

[4] ამაოდ იტანჯეთ ამდენი? ნეტა, მართლა ამაოდ!

[5] ვინც სული მოგცათ თქვენ და თქვენს შორის სასწაულებს ახდენდა, რჯულის საქმეებით აკეთებდა ამას თუ რწმენის შესმენით?

[6] როცა ღმერთი ირწმუნა აბრაამმა, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.

[7] ამიტომ, გაიგეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის შვილები არიან.

[8] წერილმა, როცა წინასწარ განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებს წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „და იკურთხება შენში ყველა ერი.“

[9] ამიტომ ისინი, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან.

[10] ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი, ვინც არ შეასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს.“

[11] ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან მართალი რწმენით იცოცხლებს.

[12] ხოლო რჯული რწმენით არ არის, მაგრამ, ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.

[13] ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი დაკიდებული ძელზე,“

[14] რათა აბრაამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რომ სულის აღთქმა მივიღოთ რწმენით.

[15] ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ უკუაგდებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს.

[16] ხოლო აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის თესლს. არ თქმულა: „შენს თესლთ“ – როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს“, რომელიც არის ქრისტე.

[17] ამას კი ვამბობ, რომ ღვთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ აღთქმული გაუქმდეს.

[18] ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით. აბრაამს ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა.

[19] აბა, რჯული რაღაა? დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და გადაეცა იგი ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით.

[20] ერთის შუამავალი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია.

[21] აბა, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმებს? არამც და არამც! ვინაიდან, თუ მოცემული იყო რჯული, რომელსაც ძალუძს ცხოველმყოფელობა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.

[22] მაგრამ წერილმა ყველა მოამწყვდია ცოდვის ქვეშ, რათა მორწმუნეებს იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ აღთქმული.

[23] რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა.

[24] ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით.

[25] მაგრამ როცა რწმენა უკვე მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით.

[26] ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.

[27] ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით.

[28] უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.

[29] და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი.

პავლე მოციქულის წერილი გალატელთა მიმართ — Chapters