[1] თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
[2] აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესაგან.
[3] და კიდევ ვუმოწმებ ყოველ ადამიანს, რომელიც წინადაიცვეთს, რომ ის ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს.
[4] თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.
[5] ჩვენ კი სულით ველით სიმართლის სასოს რწმენისაგან.
[6] ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
[7] კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?
[8] ეს დარწმუნება იმისაგან არ არის, ვინც თქვენ მოგიწოდებთ.
[9] მცირე საფუარი მთელ ცომს გააფუებს.
[10] თქვენი მწამს მე უფალში, რომ არ იფიქრებთ სხვანაირად, ხოლო თქვენი აღმაშფოთებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს.
[11] მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კი კვლავ ვქადაგებდი წინადაცვეთას? მაშინ ჯვრის ცდუნება შეწყდებოდა.
[12] ო, ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთარნი.
[13] ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
[14] ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
[15] მაგრამ, თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
[16] აჰა, მე ვამბობ: მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
[17] ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
[18] და თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
[19] ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება,
[20] კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა,
[21] სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
[22] ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
[23] სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
[24] ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმასთან ერთად.
[25] თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
[26] ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი.