[1] პავლე მოციქული, არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტეს და მამა ღვთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი,
[2] და ჩემთან მყოფი ყველა ძმა – გალატიის ეკლესიებს:
[3] მადლი თქვენ და მშვიდობა ჩემი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან,
[4] რომელმაც თავისი თავი გადასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღვთის ნებით,
[5] რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
[6] მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ სხვა სახარებაზე იმისგან, რომელმაც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით.
[7] არ არსებობს სხვა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.
[8] მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი.
[9] როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს.
[10] ახლა ადამიანებს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? აქამდე ისევ ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი.
[11] ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებდი, არ არის კაცთმიერი.
[12] ვინაიდან მეც არ მიმიღია და არ მისწავლია იგი კაცისაგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
[13] რადგან გსმენიათ თქვენ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდეველობაში, რომ მე სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.
[14] აღვემატებოდი იუდეველობაში მრავალ ჩემს ტოლს ჩემს ტომში, ვინაიდან ჩემი მამების გადმოცემების მოშურნე ვიყავი მეტისმეტად.
[15] ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით,
[16] გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, მყისვე როდი დავეთათბირე ხორცსა და სისხლს.
[17] არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.
[18] მერე, სამი წლის შემდეგ, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.
[19] სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა.
[20] ხოლო რასაც მე თქვენ გწერთ, მართალია, და არ ვცრუობ ღვთის წინაშე.
[21] ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში.
[22] მაგრამ იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისათვის პირადად არ ვიყავი ცნობილი.
[23] მხოლოდ ის გაეგონათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა ახარებს იმ სარწმუნეობას, რომელსაც წინათ ებრძოდაო,
[24] და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.