Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:32

[1] მონებმა, რომლებიც უღელქვეშ იმყოფებიან, ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა ჩათვალონ თავიანთი პატრონები, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.

[2] რომელთაც მორწმუნე პატრონები ჰყავთ, ნუ მოექცევიან მათ უპატიოდ, რახან ისინი ძმები არიან. არამედ უფრო მეტად ემსახურონ, ვინაიდან მორწმუნენი არიან და, საყვარელნი, და ქველმოქმედებას ეწევიან. ეს ასწავლე და შეაგონე.

[3] ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას,

[4] ის ამპარტავანია და არაფერი იცის, არამედ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,

[5] ფუჭი კამათი გარყვნილი გონებისა და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.

[6] მაინც დიდი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად.

[7] რადგან არც არაფერი მოგვიტანია სოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან.

[8] ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას.

[9] ხოლო გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს.

[10] ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლის მოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.

[11] შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.

[12] იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე საუკუნო სიცოცხლეს, რომლისთვისაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.

[13] ყოვლისმაცოცხლებელი ღმერთისა და, პონტოელი პილატეს დროს კეთილი აღსარების დამმოწმებლის, ქრისტე იესოს წინაშე

[14] დამიკისრებია შენთვის, დაიცვა მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ, ვიდრე ჩვენი უფალი იესო ქრისტე გამოჩნდებოდეს,

[15] რასაც თავის ჟამზე გვახილვინებს ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი,

[16] ერთადერთი, რომელსაც უპყრია უკვდავება, მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა. მას პატივი და საუკუნო მეუფება. ამინ.

[17] ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად,

[18] რომ იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი.

[19] დაიუნჯონ საუნჯე მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს.

[20] ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე უწმიდურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს,

[21] ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი შენთან. ამინ.

პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ — Chapters