Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:03

[1] ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,

[2] თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია,

[3] რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისაგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა.

[4] ვინაიდან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული,

[5] რადგან იწმიდება ღვთის სიტყვით და ლოცვით.

[6] თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი სწავლით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი.

[7] ოღონდ უწმიდურ და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვართე.

[8] ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც.

[9] ეს სიტყვა სარწმუნოა და ღირსია სრული მიღებისა.

[10] ვინაიდან იმისათვის ვშრომობთ კიდეც და ვიღწვით, რომ მინდობილნი ვართ ცოცხალ ღმერთს, რომელიც მაცხოვარია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა.

[11] ეს ამცნე და ასწავლე.

[12] თავს ნუ დაამცირებინებ შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.

[13] ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას.

[14] ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით.

[15] ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება.

[16] გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.

პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ — Chapters