[1] პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ღვთის, ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი სასოების, იესო ქრისტეს ბრძანებით.
[2] ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
[3] როცა მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვდი დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ არ ასწავლონ განსხვავებული რამ
[4] და არ შეაჩერონ ყურადღება ზღაპრებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მნეობას რწმენაში.
[5] ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით სიყვარული,
[6] რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ამაო ლაყბობისაკენ.
[7] რადგან სურთ რჯულის მასწავლებლები იყვნენ, არ კი გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ.
[8] ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კეთილი, თუ ვინმე ჯეროვნად იყენებს მას.
[9] ცნობილია, რომ რჯული დადგენილია არა მართალთათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღვთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და უწმიდურთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის,
[10] მეძავთა და მამათმავალთა, კაცის-მპარავთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, ვინც საღ მოძღვრებას ეწინააღმდეგება,
[11] კურთხეული ღვთის დიდებული სახარების თანახმად, რომელიც მე მაქვს მონდობილი.
[12] ვემადლიერები მას, ვინც ძალა მომცა – ჩვენს უფალს ქრისტე იესოს, რომელმაც სარწმუნოდ მიმიჩნია და განმაწესა მსახურებად.
[13] მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცარი ვიყავი და ვიქცეოდი ურწმუნოებით.
[14] მაგრამ უფრო მეტად გაუხვდა ჩვენი უფლის მადლი რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოში.
[15] სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა სოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.
[16] სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჩემით პირველად ეჩვენებინა მთელი სულგრძელება მათდა სამაგალითოდ, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
[17] ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნეთი უკუნისამდე. ამინ.
[18] ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კეთილმა მეომარმა,
[19] გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი.
[20] მათგან არიან ჰიმენევსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ, რომ აღარ დაგმონ.