Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:03

[1] სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს.

[2] ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, დამმოძღვრავი,

[3] არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო და ვერცხლის უყვარული,

[4] თავისი სახლის კარგი განმგებელი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.

[5] ვინაიდან: თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?

[6] ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ აღმოჩნდეს.

[7] ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა სირცხვილში და ეშმაკის მახეში არ გაებას.

[8] დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი,

[9] რათა წმიდა სინდისით ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას.

[10] ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და მერე, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ.

[11] ასევე მათი ცოლებიც უნდა იყვნენ პატიოსნები, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი.

[12] დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი განმგებელი.

[13] ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთთვის იმზადებენ კეთილ პატივს და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში.

[14] ამას გწერ შენ და, იმედი მაქვს, მალე მოვიდე შენთან.

[15] მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ცოცხალი ღვთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.

[16] უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა სოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში.

პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ — Chapters