[1] ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის,
[2] მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით,
[3] ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის,
[4] რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას.
[5] ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო,
[6] რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსახსნელად, რისი მოწმობაც იყო თავის დროზე,
[7] რომლისთვისაც მე დადგენილი ვარ მქადაგებლად და მოციქულად – ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში და არ ვცრუობ, – წარმართთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში.
[8] ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.
[9] ასევე დედაკაცებიც, წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეიმკონ, არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით,
[10] არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს.
[11] დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში სრული მორჩილებით.
[12] დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზე ბატონობისას, არამედ იყოს მდუმარედ.
[13] ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.
[14] ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა.
[15] თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმიდეში კდემამოსილებით.