Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:16

[1] ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი – როგორც ძმებს,

[2] დედაბრებს – როგორც დედებს, ყმაწვილქალებს – როგორც დებს, მთელი სიწმიდით.

[3] პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.

[4] ხოლო თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.

[5] ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთსაა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.

[6] ავხორცი კი ცოცხლივ მკვდარია.

[7] ეს ამცნე, რათა უბიწონი იყვნენ.

[8] ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.

[9] ქვრივად უნდა შეირაცხოს სამოც წლისაზე უხნესი, ერთი ქმრის ნაცოლარი,

[10] ცნობილი კარგი საქმეებით, თუ მას გამოუზრდია შვილები, უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, დახმარებია გაჭირვებულებს და მიჰყოლია ყოველგვარ კეთილ საქმეს.

[11] ახალგაზრდა ქვრივებს კი მოერიდე, ვინაიდან ეუფლებათ აღგზნება, ქრისტეს საწინააღმდეგო და გათხოვების სურვილი უჩნდებათ.

[12] ისინი განისჯებიან, ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა.

[13] და კიდევ: უსაქმურობაში ისწავლეს კარდაკარ სიარული, და არა მარტო უსაქმურნი არიან, არამედ ყბედებიც და ცნობისმოყვარენიც და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ შეშვენით.

[14] ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და არ მისცენ მტრებს ლანძღვის არანაირი საბაბი.

[15] ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა.

[16] თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივები, დაეხმაროს მათ და ტვირთად არ დააკისრონ ეკლესიას, რათა მას შეეძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა.

[17] ხუცესნი, რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს, ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ, უფრორე კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით.

[18] ვინაიდან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ და კიდევ: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა“.

[19] ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე.

[20] შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში.

[21] ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, დაიცვა ეს წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე და არაფერი გააკეთო მიკერძოებით.

[22] არავის დაასხა ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე. წმიდად შეინახე თავი.

[23] ნუღა სვამ მარტო წყალს, ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო.

[24] ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარ ცხადია და სამსჯავროსკენ მიუძღვება წინ, ზოგიერთს კი უკან მიჰყვება.

[25] ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადია და, თუ არა, მაინც ვერ დაიმალება.

პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ — Chapters