Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:07

[1] ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე გახდნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით,

[2] როცა დაინახავენ თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით.

[3] თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა,

[4] არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე.

[5] ღვთის მოსავი წმიდა ქალებიც ოდესღაც ასე იმკობდნენ თავს, თავიანთ ქმრებს დამორჩილებულნი,

[6] როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაამს, რომლის შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.

[7] თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

[8] ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი.

[9] ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და ლანძღვას ლანძღვის წილ. პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.

[10] რადგან, ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას.

[11] ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფოდეს,

[12] რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ, ხოლო ღვთის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.

[13] ვინ გიბოროტებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით?

[14] მაგრამ ნეტარნი ხართ თქვენ, რომ იტანჯოთ კიდეც სიმართლისათვის. მათი შიშით ნურც შეშინდებით და ნურც დაღონდებით.

[15] წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.

[16] კეთილი სინდისი გქონდეთ, რათა, რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში შერცხვნენ თქვენი ქრისტესმიერი კეთილი ქცევის შეურაცხმყოფელნი.

[17] რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია, კარგ საქმეთა გამო იტანჯოთ, ვიდრე ბოროტთა გამო.

[18] რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოიკლა ხორცით და გაცოცხლდა სულით,

[19] რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც,

[20] ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღვთის სულგრძელება კიდევ იცდიდა, ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს;

[21] რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით,

[22] რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.

პეტრე მოციქულის პირველი წერილი — Chapters